“უსაფრთხო დანიშნულების ადგილი” – საქართველოში ტურიზმის გახსნის გეგმა

საქართველოში ტურიზმის გახსნის პირველი ეტაპი 15 ივნისიდან შიდა ტურიზმით დაიწყება, ხოლო 1 ივლისს ქვეყანა პირველ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ტურიზმის გახსნის გეგმის წარდგენისას გახდა ცნობილი

საქართველოს პოზიციონირება მოხდება როგორც “უსაფრთხო დანიშნულების ადგილი”, რისკენაც მიემართება მარკეტინგული კამპანია.

„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები“, ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო დერეფნის შექმნით მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შესაძლებლობებით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებთან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე

მთავრობამ ტურიზმის დახმარების 200-მილიონიანი პაკეტი წარადგინა, რომელიც შემდეგი მიმართულებებით გადანაწილდება:

  • ტურისტული ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება – 45 მილიონი ლარი
  • ტურისტული ინდუსტრიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (და გადავადება) – 90 მილიონი ლარი
  • სასტუმროების სესხების სუბსიდირება – 60 მილიონი ლარი (3000 სასტუმროსთვის)
  • ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა – 5 მილიონი ლარი

აღსანიშნავია, რომ მთავრობა გიდებს ალტერნატიული დასაქმების მიმართულებით დაეხმარება. როგორც ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთავრობა ასევე მათი გადამზადებისთვისაც იზრუნებს.

„გიდებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და მათთვის ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ვამუშავებთ, რომელიც მიმართული იქნება, რათა მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და მათ შორის ხარისხის უფრო მაღალი სტადარტის დანერგვა. ეს თვითონ გიდებისგან წამოსული მოთხოვნა” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მთავრობის ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრია 150,000 ადამიანამდე ასაქმებს და ის მთლიანი შიგა პროდუქტის 11%-ს ქმნის.

ტრენინინგ ცენტრ CRDC-ის გუნდი მიესალმება წარმოდგენილ გეგმას და წარმატებებს უსურვებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური დოვლათის შექმნისათვის.

 

CRDC-ის მედია ცენტრი

2020-05-07T16:39:24+00:00