პროფესიონალები: ნინო ლიპარტია

ძვირფასო მკითხველო, შენ იმყოფები CRDC (სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრი)-ის მედია ცენტრის რუბრიკაშიპროფესიონალები“.

აღნიშნულ რუბრიკაში, სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანები საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, რჩევებს და ისტორიებს გვიზიარებენ.

ამჯერად ჩვენი სტუმარია ნინო ლიპარტია.

 

ინტერვიუს დასაწყისში, რამდენიმე სიტყვით გვიამბეთ საკუთარი თავის შესახებ

დავიბადე და გავიზარდე ექიმების ოჯახში. მამაჩემი მეან-გინეკოლოგი იყო და  დაახლოებით 15 წელი აბაშის რაიონული საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგიური განყოფილებას ხელმძღვანელობდა. დედა ამავე საავადმყოფოს  ლაბორატორიის უფროსია. 13 წლის ვიყავი, როცა მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს იყო უმძიმესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. იმ დროს ქვეყანაში არსებული მძიმე ცხოვრების პირობების მიუხედავად, დედამ შეუძლებელი შეძლო და უზრუნველყო ჩვენი წარმატებული მომავალის შექმნა. დედა ჩემთვის მაგალითია ძლიერი და შეუპოვარი ადამიანის. ყველა წარმატებას  მას ვუძღვნი.

დავამთავრე აბაშის პირველი საჯარო სკოლა, პირველი კლასიდან წარმატებული მოსწავლე ვიყავი და სასწავლო პროცესთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტში. 5 წლიდან ვცეკვავდი ქართულ ფოლკლორულ ანსამბლში, ასევე დავამთავრე სამუსიკო სკოლა. 5 წლიდან სკოლის დამთავრებამდე სცენა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე. დიდი ინტერესით ვეცნობოდი და ვათვალიერებდი სამედიცინო ლიტერატურას, თუმცა მოგვიანებით შევიცვალე გეგმები და ჟურნალისტობა გადავწყვიტე. ბავშვობაში იურისტობა არასოდეს მიფიქრია.

სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე გავმხდარიყავი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, შესაბამისად ჩავაბარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე.  მეორე კურსზე მუშაობა დავიწყე ერთ-ერთი კომპანიაში, სადაც აქტიური შეხება მქონდა იურიდიულ სფეროსთან. სწორედ მაშინ გადაწყვიტე დავუფლებოდი სამართალმცოდნეობას.  დღეს ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.

დღეს ჩემი პროფესია უზომოდ მიყვარს და ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი იურისპრუდენციის გარეშე.


სამუშაო სტარტი და თქვენი წარმატების საიდუმლო

იურიდიული ფაკულტეტზე სწავლის მეორე წელს სტაჟირება დავიწყე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავდა.  მეორე კურსის სტუდენტს ჩემმა მენტორმა ორი საქმე ჩამაბარა. პირველი დავა ეხებოდა მამობის უფლების ჩამორთმევას, ხოლო მეორე სანივთო-სამართლებრივ საკითხს. ორივე წარმატებით დავასრულე, ეს უდიდესი გამოცდილება იყო ჩემთვის. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩაბმული სხვადასხვა პროექტში, სტაჟირება გავიარე რამდენიმე სამინისტროსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში.  მიუხედავად, ჩემი დაუღალავი შრომისა და მონდომებისა,  დასაქმება მხოლოდ უნივერსიტეტის შემდეგ შევძელი. სალიცენზიო გამოცდილების ჩაბარების შემდეგ მუშაობა დავიწყე „დავით ერისთავის იურიდული ჯგუფის“ იურისტად. ეს იყო ჩემთვის უდიდესი შანსი, რომელიც ამ ფირმის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა დავით ერისთავმა მომცა.  დაახლოებით ორი წელი ვიმუშავე ამ კომპანიაში და ვთვლი რომ საუკეთესო გამოცდილება მივიღე, როგორც ახალბედა იურისტმა. ყოველთვის მახსოვს ეს დახმარება და ვცდილობ  მოტივირებულ  და განათლებულ ახალგაზრდებს ხელი შევუწყო კარიერის დასაწყისში.

2012  წელს გადავინაცვლე სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფში“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსად და აქედან დაიწყო ჩემი და სადაზღვევო  სამართლის ურთიერთობა.

 

გაიხსენეთ პირველი პროცესი . . . და რა ხდება დღეს?

2008 წელს ჩავიბარე ჩემი პირველი საქმე და შემიძლია ვთქვა, რომ სრულად „მოვიწამლე“ ჩემი პროფესიით. ზუსტად მახსოვს პროცესის წინა ღამე თითქმის გავათენე და ძალიან ვნერვიულობდი. თუმცა პროცესის დაწყების შემდგომ  მის დასრულებამდე ისეთ აზარტში შევედი, თითქმის არაფერი მახსოვს. საქმე წარმატებით დავასრულე.  ზუსტად მახსოვს ჩემი  ემოციები პირველ პროცესზე. დღესაც თითოეული საქმე  დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველი სხდომის წინ საკუთარ თავის მობილიზებას ვახდენ, რომელიც შემდგომ სხდომის წარმართვაში მეხმარება. თითოეული სხდომის შედეგის გამოცხადება ისეთივე ამაღელვებელია, როგორც პირველი სხდომისას. ჩემი პროფესია განსაკუთრებულად საინტერესოა და საქმის მოგებას უდიდესი სიხარული სდევს თან.

 

სწავლა, ცოდნა, განვითარება

პროფესიული განვითარება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 2009 წელს დავამთავრე საბაკალავრო საფეხური და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ძალიან დიდი თეორიული ცოდნა მომცა. ამ ცოდნის მიღებასთან ერთად მუდმივად ვცდილობდი პარალელურად სტაჟირება გამევლო ან დამეწყო სამსახური თუნდაც ძალიან დაბალ პოზიციაზე. 2010 წლამდე  მუდმივად დავდიოდი გასაუბრებიდან გასაუბრებაზე და სტაჟირებიდან სტაჟირებაზე. ათობით გასაუბრება წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ძიების პროცესი არ შემიწყვეტია და ზუსტად ვიცოდი, რომ სასურველ სამსახურს მალე ვიპოვნიდი.

2012 წელს  წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და ამავე წელს ჩავირიცხე სადოქტორო პროგრამაზე. 2013 წლიდან სალექციო და სასემინარო კურსებს ვუძღვები სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში. მიმაჩია, რომ ახალგაზრდებისათვის ცოდნისგადაცემა დიდი პასუხისმგებლობაა და ჩემი სალექციო კურსი არასოდეს შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნით. როგორც მახასიათებენ საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ლექტორი ვარ, თუმცა ობიექტური.  მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდა თაობა სჭირდება. განათლებისა და კვალიფიკაციის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის წინსვლა. შესაბამისად, სასწავლო პროცესში გამორიცხულია დაუმსახურებელი შეღავათი სტუდენტის მიმართ. პირველ ლექციაზე ყოველთვის ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ საკუთარ მომავალს თავად ქმნიან და შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ წარმატებას დიდი შრომა სჭირდება. პროფესიული განვითარება ცხოვრების მუდმივი პროცესია. აგრეთვე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში გავდივარ კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო კურსებს.

2016 წელს დაავარსე „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი“ #LPDC ხოლო 2018 წელს ამირჩიეს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის #GLIP – გამგეობის თავმჯდომარედ. ბოლო ორი წელია ამ ორგანიზაციების სახელით ვაკეთებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგებს, კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებს, სიმპოზიუმებს თუ ფორუმებს. მათი განხორციელების მიზანი სამართლებრივ პრობლემებზე ხმამაღალი საუბარი, დისკუსია, და მათ გადაჭრის გზების ძიებაა. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული პროექტები  ხელს უწყობენ სასამართლო ხელისუფლებისა და ადვოკატთა კორპუსის დაახლოებას რაც სწორი და ხარისხიანი მართლმსაჯულების  განხორციელების გარანტიაა.

 

გახდე პროფესიონალი იურისტი ნიშნავს/საჭიროა …

ძალიან დიდი სიყვარული პროფესიის მიმართ. ჩვენს პროფესიაში წარმატების მიღწევა მხოლოდ უდიდესი შრომითაა შესაძლებელი, ხოლო ამ შრომის გაწევა დიდი სიყვარულითა და თავდადებითაა განპირობებული. სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ იურისტის პროფესია განსაკუთრებულად რთული და  საპასუხისმგებლოა, ვინაიდან, იურისტი ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს სხვა ადამიანების ბედს. ამიტომ თითოეული ნაბიჯი და სიტყვაც კი გაზომილი და ნაფიქრი უნდა იყოს.

მიმაჩია, რომ ჩვენს პროფესიაში მუდმივი პროფესიული განვითარება აუცილებელია. აქ არ არსებობს ერთ ადგილზე დგომა. ან მიდიხარ წინ ან განიცდი უკუსვლას. ალტერნატივა არ არსებობს. რეგრესი კი საკმაოდ დიდი ნაბიჯებითაა შესაძლებელი. ამიტომ მუდმივი ზრუნვა სიახლეების გაცნობისა და განვითარებისათვის აუცილებელია. რამდენიმე კვირაში დავიცავ სადოქტორო თემას, რომელიც ძალიან აქტუალური და პრობლემური სამართლებრივი საკითხის კვლევას ეხება. დოქტორის ხარისხით  არ სრულდება პროფესიული განვითარება და მრავალი საინტერესო გეგმა მაქვს წინ.

 

რომ არა სამართლის სფერო, სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?

ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი და მახსოვს 12 წლის ვიყავი, როდესაც ჩავიცვი თეთრი ხალათი, გავიკეთე პირბადე  და შევედი საკეისრო კვეთაზე, რომელსაც მამაჩემი აკეთებდა. არანაირი უხერხულობისა და შიშის განცდა არ მქონია ჭრილობის ან სისხლის დანახვაზე.  ეს არი იყო პირველი და არც უკანასკნელი შეხება მედიცინასთან. ზუსტად ვიცოდი, რომ ექიმის პროფესია „გულის სისხლს“ მოითხოვდა მსხვერპლად და მზად ვიყავი თავი გადამედო ამისათვის. თუმცა მამის გარდაცვალების შემდგომ, უარი ვთქვი ექიმის პროფესიაზე. არ ვიცი სწორი არჩევანი გავაკეთე თუ არა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საკუთარი თავი იურისტის გარდა ვერსად წარმომიდგენია. ყველაზე მეტად მახარებს წარმატებული საქმის შემდეგსხვა ადამიანების ბედნიერი თვალების ხილვა.

 

მოტივაციის წყარო

არასოდეს მყოფნის 24 საათი და ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა ჩემს დღე-ღამეში 48 საათი ყოფილიყო. ყველაზე მეტად განვიცდი დაკარგულ წუთებს.  დრო ისე სწრაფად გარბის, რომ გაფიქრებასაც ვერ ვასწრებთ, შესაბამისად, ყოველი წამის ჯეროვანი გამოყენება აუცილებელია.  თითოეული გაცდენილი წუთი მტკივა და მენანება.მოტივაციის პოვნა არასოდეს მიჭირს.  ზუსტად მაქვს განსაზღვრული გეგმა და შედეგი, რომლის მისაღწევად ძალიან ბევრი შრომაც რომ დამჭირდეს, უნდა მივიდე.

2018 წლის 13 ივნისიდან ჩემი მოტივაციის მთავარი წყარო ჩემი შვილი დავითია. ჯერ 6 თვისაა და ამ ქვეყნად ყველაზე დიდი მოტივატორია. ჩემი ოჯახი ყველა საქმეში გვერდით მიდგას და მუდმივად მეხმარება. განსაკუთრებით, ჩემი მეუღლე, რომელიც საუკეთესო მრჩეველია.

 

და ბოლოს, მიმართეთ ჩვენს მკითხველს

იპოვეთ საკუთარ საქმეში ბედნიერება. ყოველთვის დაისახეთ მიზანი და არასოდეს შეწყვიტოთ მუდმივი სწრაფვა ამ მიზნისაკენ. ერთდროულად აუცილებლად რამდენიმე საქმეს შეეჭიდეთ და დარწმუნებული იყავით, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. დრო  ძალიან სწრაფად გარბის, ხოლო გასაკეთებელი ძალიან ბევრია. გამოიყენეთ ყოველი წამი. ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. მუდმივად გჯეროდეთ საკუთარი თავის და წარმატების. გამოიყენეთ ყოველი შანსი და წარმატება აუცილებლად მოვა.

2018-12-16T20:22:00+00:00