პროფესიონალები: ნინო გორგაძე

 გამარჯობა, შენ იმყოფები ტრენინგ ცენტრ CRDC ის მედიაცენტრის რუბრიკაშიპროფესიონალები“.


აღნიშნულ რუბრიკაში, სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანები საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, რჩევებს და ისტორიებს გვიზიარებენ…


ამჯერად ჩვენი სტუმარია ნინო გორგაძე.



ინტერვიუს დასაწყისში, რამდენიმე სიტყვით გვიამბეთ საკუთარი თავის შესახებ

დავიბადე და გავიზარდე თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ბავშვობა მქონდა ისეთივე, როგორც ყველა 90-იანი წლების „შვილს“, გამოვიარე რიგები, სიდუხჭირე, სიცივე და განუკითხაობის პერიოდები. მშობლები ადრე დავკარგე, რის გამოც ადრეული ასაკიდან საკმაოდ ბევრს ვმუშაობ და ვსწავლობ. ძნელია ვთქვა, ნაადრევად დაკისრებული ვალდებულებების თუ უბრალოდ ხასიათის ბრალია, მაგრამ სულ სადღაც წინ მივიჩქარი, არასოდეს მაკმაყოფილებს მიღწეული შედეგი და მდგომარეობა სადაც ვიმყოფები.

ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს გაკეთებული, ალბათ თითებზე ჩამოვთვლი სფეროებს, რომელთანაც შეხება არ მქონია მოღვაწეობის 16 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით შედეგიანი და ცნობილი საჯარო სექტორში, კერძოდ კი შემოსავლების სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შედეგად შეიქმნა, ნაწილი პროექტების შედეგი დღესაც კი წარმატებულად ფუნქციონირებს, რაც შინაგანად მოტივაციას მმატებს, ვინაიდან ჩემი შრომის შედეგი სხვა ადამიანებს აბედნიერებს.

2014 წლიდან განათლების სფეროშიც აქტიურად ვმოღვაწეობ და ვცდილობ ვასწავლო და გავუზიარო ჩემი გამოცდილება მათ, ვისაც ეს სჭირდება. ზოგადად სტუდენტებთან ურთიერთობა ძალიან მომწონს, ვინაიდან ერთის მხრივ მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, ხოლო მეორეს მხრივ ვეხმარები მათ განვითარებაში.

ამჟამად ვხელმძღვანელობ საერთაშორისო პროექტების მართვის ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობას  (IPMA Georgia) და ვცდილობ ხელი შევუწყო პროფესიის პოპულარიაზაციას და განვითარებას საქართველოში.

 

სამუშაო სტარტი და თქვენი წარმატების საიდუმლო

მუშაობა 19 წლის ასაკში დავიწყე, არასამთავრობო სექტორში და მალევე მომიწია პროექტებში ჩართვა შემდეგ კი მართვა, თავიდან მცირე პროექტები მქონდა, შემდეგ კი იზრდებოდა როგორც მასშტაბიც ასევე კომპლექსურობაც. სამწუხაროდ 2000-იან წლების დასაწყისში პროექტების მართვაში განათლების მიღება შეუძლებელი იყო საქართველოში, ამიტომ ძნელი იყო მუშაობა, თავიდან ბევრ შეცდომას ვუშვებდი და ჩემივე შეცდომებზე ვსწავლობდი, თანდათან დავხვეწე ტექნიკები, რაშიც ჩემი ქართველი და უცხოელი პარტნიორები მეხმარებოდნენ.

კარიერის საწყის ეტაპზე, არასამთავრობო სექტორის პარალელურად, კახა ბენდუქიძის ე.წ. „პირველ ხუთეულში“ მოვხვდი და ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა, ვინაიდან ძალიან ჭკვიანი ადამიანისგან ვისწავლე მუშაობა, მისი „გაკვეთილები“ დღემდე მეხმარება, როგორც მუშაობაში, ასევე ზოგადად ცხოვრებაშიც.

წლების შემდეგ რომ ვაანალიზებ, თურმე სწორ და კარგ დასაწყისს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია – კარგი გუნდი, კარგი მენტორები არის ის რაც უმნიშვნელოვანესია კარგ პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის.

ჩემი წარმატების საიდუმლო ალბათ შედეგიან შრომაშია. ჩემთვის შედეგიანი შრომა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ეს კომპონენტებია სიჯიუტე, თვითკრიტიკულობა და სწავლა. სიჯიუტე მეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში, თუ რამეს მოვკიდე ხელი და ვთქვი რომ გავაკეთებ, ღამეებს გავათენებ, ყველა სიძნელეს გადავლახავ, მაგრამ გავაკეთებ, სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია. თვითკრიტიკულობა მოდუნების საშუალებას არ მაძლევს და მუდმივი ზრდისკენ მიბიძგებს. რაც არ უნდა წარმატებულად აღიარონ ჩემი შრომა, კრიტიკულად ვუყურებ,  ვცდილობ ვიპოვო „შეცდომები“ და მომავალ პროექტებში გავითვალისწინო, არასოდეს ვარ ბოლომდე კმაყოფილი ჩემი მუშაობით.

მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარდება, მათ შორის ჩემი პროფესიაც, ამიტომ მუდმივი სწავლა შედეგიანობისთვ ის და ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მე პირადად, სულ ვკითხულობ და ვსწავლობ, ვსწავლობ სტატიებიდან, კურსებიდან, ვიდეო ლექციებიდან, ჭკვიანი ადამიანებისგან და ვთვლი რომ ეს აუცილებელია კარიერის ნებისმიერ საფეხურზე. ზოგადად „თვითკმაყოფილება“ რეგრესის პირველი გამომწვევია და დეგრადაციას გამოიწვევს ადრე თუ გვიან.

 

პროფესია – პროექტების მენეჯერი, ანუ როგორ გავხდეთ პროფესიონალი პროექტების მენეჯერი?

პროექტების მენეჯერი, სადღეისოდ არ განიხილება მხოლოდ როგორც ცალკე აღებული პროფესია, სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს პროექტული ტიპის საქმის შესრულება, სხვადასხვა პოზიციებზე. მსოფლიო სტატისტიკა ესეთია: 2020 წლისთვის მსოფლიოში 87 მილიონზე მეტი პროექტული ტიპის სამსახური იქნება (2018 იყო 67 მილიონი), ხოლო ეკონომიკის პროექტიფიკაცია (პროექტული საქმის წილი ოპერაციულ საქმიანობაში) მზარდია და სადღეისოდ 30-35%-ს შეადგენს.

მარტივად, ეს რიცხვები ამბობს შემდეგს: არ აქვს მნიშვნელობა გქვია თუ არა „პროექტის მენეჯერი“, თუ ახლა არ გიწევს, მომავალში აუცილებლად მოგიწევს პროექტული ტიპის საქმის შესრულება (სხვადასხვა სიდიდის პროექტის ან მათი კომპონენტის მართვა/მონაწილეობა). პროექტის ან მისი კომპონენტის მართვა მოითხოვს ცოდნას და უნარებს, რომლებიც შესაბამისი განათლების და პრაქტიკის ეფექტიანი კომბინაციით მიიღება.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, არ არსებობს ერთიანი რეცეპტი პროექტების მართვაში, რომელიც იდეალურ შედეგამდე მიგიყვანთ. რამდენი ადამიანია – იმდენი პრაქტიკა, წარმატება/წარუმატებლობის ისტორიაა. თუმცა საბედნიეროდ არსებობს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვისწავლოთ და ვასწავლოთ არამარტო პროექტის მართვის მეთოდები და ტექნიკები, არამედ გარემოს და ადამიანების შეფასების მექანიზმები, რომელიც პროექტების მენეჯერს ეხმარება ამ ტექნიკების და მეთოდების მისადაგებაში, დანერგვასა და ეფექტიანად გამოყენებაში.

გახდე პროექტების მენეჯერი, როგორც ასეთი, ნიშნავს „შესაბამისი ცხოვრების წესით“ ცხოვრებას, სადაც მუდმივი ცვლილებები, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, პრობლემების მოგვარება, კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ჩვეულებრივი დღის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილებია და არა გადასალახი პერიოდული გამოწვევები.

გახდე პროექტების მართვის პროფესიონალი, ისევე როგორც ყველა საქმიანობაში ბევრ სწავლას და პრაქტიკას, შედეგიან შრომას გულისხმობს.


მოტივაციის წყარო

მე მიყვარს რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ მხოლოდ იმას რაც მიყვარს – ესაა  ჩემი ცხოვრების ერთგვარი დევიზი, ხოლო საინტერესო საქმე – მთავარი მოტივაციაა. ცხადია, არანაკლებ მოტივაციას მიქმნის პროექტის შედეგი და მისი აღიარება. აღიარება ნიშნავს, რომ უქმად არ გიშრომია, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს შენ გარკვეული სიკეთე შესძინე.

როგორც ლექტორის და ტრენერის ყველაზე დიდი მოტივატორი კი ყოფილი სტუდენტია, რომელიც სადმე შემთხვევით შეგხვდება და ღიმილით გეტყვის: „რაც მე თქვენ მასწავლეთ – გამოვიყენე და ძალიან მეხმარება საქმიანობაში“ – ასეთი ერთი სტუდენტის არსებობაც კი ღირს იმისათვის რომ სწავლებაში არ დაიშურო უამრავი დროისა და ენერგიის ინვესტირება.


და ბოლოს, მიმართეთ ჩვენს მკითხველს

აკეთეთ საქმე რომელიც გიყვართ და თქვენი შრომაც შედეგიანი იქნება.

 

 

ნინოს ხელმძღვანელობით CRDC-ში ტრენინგ კურსი პროექტების მართვა 15 მარტიდან იწყება – შემოგვიერთდით – https://www.crd.ge/portfolio-items/477/

2019-03-06T18:12:39+00:00