პროფესიონალები: ვიკა შარია

 

გამარჯობა, შენ იმყოფები CRDC (სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრი)-ის მედიაცენტრის რუბრიკაშიპროფესიონალები“.

აღნიშნულ რუბრიკაში, სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანები საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, რჩევებს და ისტორიებს გვიზიარებენ... 

 

ამჯერად ჩვენი სტუმარია ვიკა შარია.

 

ინტერვიუს დასაწყისში, რამდენიმე სიტყვით გვიამბეთ საკუთარი თავის შესახებ

დავიბადე აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში. 16 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. იძულებით წამოვედით თბილისში. მას შემდეგ ვცხოვრობდი თბილისსა, ნათესავებთან და მოსკოვს შორის.  ვინაიდან თბილისში 90-იან წლებში სამსახურის პოვნა და არსებობის უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო, ჩემი მშობლები მოსკოვში იმყოფებოდნენ, . დავამთავრე თბილისის 46-ე სკოლა, სოლოლაკში.

1998 წელს ავიღე ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენების ინსტიტუტის დიპლომი და გავხდი გერმანული და ინგლისური ენების სპეციალისტი.

ვისაც ეს დრო ახსოვს, დამეთანხმება, რომ ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანისთვის საქართველოში დარჩენა იმ პერიოდში ძალიან რთული იყო. არ არსებობდა არანაირი განვითარების პერსპექტივა, არ არსებობდა ბიზნეს სექტორი, ყველაფერი მიდიოდა ინერციით და ხალხიც იბრძოდა გადარჩენისთვის. ვიცოდი, რომ სადღაც შორს, ევროპასა და ამერიკაში, არც შუქი  და წყალი არ მიდიოდა გამუდმებით და იქ სულ სხვა ტემპი და სხვა შესაძლებლობები იყო.

ასე მოვხვდი გერმანიაში, ულამაზეს ქალაქ ჰაიდელბერგში, რომელშიც ჩემი პატარა და ძალიან მონატრებული გაგრა ვიპოვე. იქ გავატარე უბედნიერესი 8 წელი, დატვირთული საოცარი ცხოვრებისეული გამოცდილებით და სირთულეების გადალახვით. ჩვენი ბნელი 90-ები წლების შემდგომ, იქ, ლამაზ და კომფორტულ ევროპაში ცხოვრება ძალიან მახარებდა და მოტივაციას მაძლევდა.

მივიღე მეორე უმაღლესი განათლება ჰაიდელბერგის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გავხდი ენათმეცნიერების, გერმანული ლიტერატურის და სოციალური პედაგოგიკის მაგისტრი. პარალელურად ძალიან ბევრს ვმუშაობდი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ღონისძიებათა და კონგრეს ორგანიზების ჰოლდინგში, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღე. როგორც იმ კომპანიის შტატგარეშე (95% შტატგარეშე თანამშრომლები ვიყავით, ძირითადად სტუდენტები) თანამშრომელის, მომიწია ძალიან მაღალი დონის და მასშტაბის ღონისძიებებზე მუშაობა. ვყოფილვარ მიმტანიც, ჰოსტესიც და თარჯიმანიც. ეს ხდებოდა გერმანიის და ევროპის სხვადასხვა ქალაქში. განსაკუთრებით ბევრს ვმუშაობდი ფრანკფურტში, ისეთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში როგორებიცაა: Marriott, Maritim, Intercontinental, Rezidor ჯგუფის სასტუმროებში. მოვიარე სხვადასხვა რეგიონის ულამაზესი ღვინის შატოები და მარნები. დავესწარი არნახული დონის კერძო დახურულ ღონისძიებებს, მაგალითად ერთ-ერთ ასეთზე, 40 სტუმრიან ქორწილში საოჯახო სასახლეში რეი ჩარლზის და მადონას გამოსვლასაც კი დავესწარი. განსაკუთრებით მიყვარდა ქალაქ ვისბადენში, ძალიან ლამაზ კონგრეს ჰოლში “WiesbadenKuhrhaus”-ში მუშაობა. ის არა მხოლოდ მე-19 საუკუნის კულტურული ძეგლი იყო, არამედ იქ ტარდებოდა გერმანიის ყველაზე VIP ღონისძიებები, ისეთი როგორიც იყო პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი გალა ვახშამი, გამარჯვებული მმართველი პარტიის საზეიმო ცერემონიალი, მსოფლიო პოპ ვარსკვლავების კონცერტები და შემდგომი მიღებები და სხვა. კვებით მომსახურებას უზრუნველყოფდნენ მხოლოდ მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფ-მზარეულები.

შემიძლია ჩემი ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დასამახსოვრებელი ღონისძიება გავიხსენო, ესეც კურჰაუს ვისბადენში მოხდა. სრულიად მოულოდნელად არასწორი გადანაწილების შედეგად მომიწია TOP VIP მაგიდის მომსახურება. ამ დროს სულ 2 კვირის ჩამოსული ვარ გერმანიაში და არანაირი გამოცდილება არ მაქვს. მაგიდაზე, რომელზეც უნდა მემსახურა, ისხდნენ ჰანს-დიტრიხ გენშერი, ჰელმუტ კოლი, ფრანც ბეკენბაუერი და მათი მეუღლეები. თავიდან რა თქმა უნდა მივიღე შოკი. ვიხვეწებოდი, მაგიდა შემიცვალეთ მეთქი. მაგრამ ისეთი აურზაური იყო, იმდენი ხალხი ირეოდა და იმდენი უშიშროების წარმომადგენლების ავლა-გავლა მიწევდა რომ ბედს შევეგუე. მივხვდი რომ სხვა გზა არ მქონდა და თავი ხელში ავიყვანე. მინდა გითხრათ, ძალზედ მხიარულად გავართვი თავი ამ გალა ვახშამის ურთულეს გამოწვევას. სირთულე კი იყო ის, რომ მე პირადად მიწევდა თოთოეული სტუმრისთვის თითოეული კერძის გადმოტანა თეფშზე, ეს ყველაფერი ერთი კოვზის და ჩანგლის ურთულესი კომბინაციით. ახლაც მეღიმება, გენშერის და კოლის ცოლის სახეები რომ მახსენდება, როგორი თანაგრძნობით მადევნებდნენ  თვალყურს. საქმე იმაში იყო, რომ გარდა იმისა რომ თითები ამ კოვზსა და ჩანგალს შორის მეხლართდებოდა, ამავდროულად ამ მაგიდას მეორე ხელით ვატრიალებდი. ამას ქვია VorspeisenCarousel და მე მხოლოდ მოსმენით მქონდა წარმოდგენა თუ რა არის ეს. ასეთი ფორმატის გალა ვახშამი შეიძლება ყველაზე სტაჟიან, ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროებში მომუშავე პერსონალსაც კი არ მოუწიოს არასდროს. მე თითქმის პირველივე ჯერზე „გამიმართლა“. ჩემდა გასაკვირად, იმ საღამოს ყველაზე მეტი „ჩაი“ დამიტოვეს ჩემი სუფრის სტუმრებმა, მეტიც, ჩვენ ბევრი ვიცინეთ, მათ გამომკითხეს საქართველოზე, გენშერმა შევარდნაძესთან მოკითხვაც კი გადმომცა და დიდი სიამოვნება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მე, ქართველი გოგონა აფხაზეთიდან, გერმანიაში ვიყავი სტუდენტი – მაშინ 21 წლის ვიყავი.

აი ასე, ამ ერთმა საღამომ ფაქტობრივად წამებში გამაგებინა და ალღო ამაღებინა ნებისმიერი საქმის მიმართ. თამასა იმდენად მაღალი იყო, რომ აღარ მქონდა მისი დაწევის უფლება, და არც მინდოდა.  თუ რას ნიშნავს უმაღლესი დონის მომსახურება, პროფესიონალიზმი, საქმის კეთების ხალისი და სიყვარული მე გერმანიაში გავიგე. იქ მივხვდი იმასაც, რომ ყველა სტუმარი, კლიენტი, დამკვეთი უბრალოდ ადამიანია და ყველაზე მარტივი გასაღები მათთან ურთიერთობის არის ბუნებრივობა და გახსნილობა, რაც არ უნდა მაღალი რანგის იყოს ის. მას შემდეგ სხვა მრავალ TOP VIP სტუმართან მომიწია მუშაობა. მათ სიაში შემიძლია ავღნიშნო სოფია ლორენი, მუჰამედ ალი, პრინცი ალბერტი, პლასიდე დომინგო და სხვა მრავალი. ერთი რჩევა მინდა გავუზიარო ჩვენს მკითხველს, ნურასდროს ნუ შეგეშინდებათ თქვენი სტუმრის ან დამკვეთის. შიში ხელის შემშლელია. მთავარია დაიხარჯოთ ბოლომდე და დადოთ მაქსიმალური შედეგი. შეცდომები არ მოსდით მხოლოდ იმათ, ვინც უსაქმურია.

2006 წელს დავბრუნდი საქართველოში. ყოველთვის ვიცოდი რომ დავბრუნდებოდი. ქვეყანა ძალიან შეცვლილი დამხვდა, თუმცა თავიდან მაინც გამიჭირდა. დამჭირდა რამდენიმე თვე, რომ გერმანიის ტემპს და ცხოვრების სტილს გადავჩვეოდი და თბილისის რითმზე გადავსულიყავი. მაგალითად, დილის 9 საათზე სამსახურში გასული, მთელს ქალაქში ვეძებდი ცხელ კრუასანს და თან წასაღებ ყავას. ვერსად ვერ ვპოულობდი იმიტომ, რომ თბილისს ჯერ ეძინა. მეგობრები ძალიან ხალისობდნენ ჩემი ამგვარი მოთხოვნების გამო, თუმცა მე ეს ძალიან მაკლდა. მაკლდა პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, საერთაშორისო ქსელების მაღაზიები და კაფეები. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა აქაურობას მოვერგე და ცხოვრების რითმიც აჩქარდა. ქვეყანაში ნელ-ნელა შემოდიოდა ინვესტიციები, იხსნებოდა კაფეები, სადაც ბიზნეს საუზმეზე შეგეძლო შეხვედრის დანიშვნა და ყავასაც თან წაიღებდით. მეც ძალიან ორგანულად მოვერგე თბილისის თანამედროვე რითმს და არცერთი წამით არასდროს არ მინანია სამშობლოში დაბრუნება.

2006 წლიდან 2012 წლამდე ვიმუშავე ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად, შემდგომ საერთაშორისო დეველოპერულ კომპანიაში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაში. 3 წელი გავატარე ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში. იქ მუშაობის გამოცდილება ძალიან გამომადგა ჩემს მომდევნო საქმიანობაში. დამიგროვდა საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, მარკეტინგის და ტურიზმის სფეროში. ამის შემდგომ მოვხდი იქ, სადაც აუცილებლად უნდა მოვხვედრილიყავი, საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში. ჩემთვის ტურიზმის ეს დარგი არის ჩემი დაგროვილი კომპეტენციების იდეალური კვეთა. აქ უნდა იყო ძალიან ძლიერი გაყიდვების მენეჯერიც, შეგეძლოს კლიენტის მონუსხვა, უნდა იცოდე პროექტის იდეალურად მართვა და ამ ყველაფრის ძალიან ავთენტურად და მხატვრულად შეფუთვა. ფაქტობრივად, ის რასაც შენ აკეთებ, ქმნის შენი ქვეყნის იმიჯს.

გარდა იმისა, რომ საქმიანი ტურიზმი ძალიან მკაფიოდ უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარებას, ის ეხმარება აქ ჩამოსულ ადამიანებსაც. სხვა ქვეყნებიდან აქ მოგზაურ სტუმრებს ხშირად ეცვლება მსოფლმხედველობა. ბევრი მათგანი აქ ყოფნისას განიცდის ნამდვილ ემოციურ განახლებას. ბევრს უთქვამს ჩემთვის, რომ საქართველოში ყოფნისას ისინი ხვდებიან, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, მათაც უნდათ ასეთივე გახსნილი და თბილი ურთიერთობა ერთმანეთში და ცხოვრებით ტკბობა. დიახ, უმეტესობას ეჭვიც კი არ ეპარება იმაში, რომ ჩვენ, ქართველები, ცხოვრებით ვტკბებით. აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება, როდესაც შენი ქვეყანა ასეთი ლამაზია, 12 თვიდან 9 თვე თბილა და მზე ანათებს, გაქვს არაჩვეულებრივი სამზარეულო და ღვინო. ეს ადამიანებზეც აისახება. ჩვენ სხვა, თავისუფალი სულისკვეთება გვაქვს და ეს კონტრასტზე მართლაც კარგად ჩანს. რა თქმა უნდა, იმ 3-4 დღეში, რასაც სტუმრები აქ ატარებენ საქმიანი ვიზიტის ან კონფერენციის დროს, ისინი ვერ ასწრებენ იმ სირთულეების და პრობლემების დანახვას, რაც ჩვენთან უხვად არის. მათ მეხსიერებაში მხოლოდ ბედნიერი ემოციები ილექება.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ჩვენ, ტურიზმის ინდუსტრიის მუშაკები, ვახერხებთ იმას, რაც აქამდე ვერანაირად ვერ მოახერხეს პოლიტიკოსებმა. ჩვენ ვაცნობთ ყველა აქ ჩამოსულ სტუმარს ჩვენი ქვეყნის ძველ და ახალ ისტორიას, ვაფიქსირებთ ჩვენს მკაფიო პოზიციას თუნდაც ყველაზე მტკივნეულ საკითხებთან მიმართებით და მერწმუნეთ, ბევრია ისეთი სტუმარი, ვისთვისაც ჩვენგან მოსმენილი ამბავი სრულიად ახალი და უცნობია. ეს მათთვის სერიოზული მუხტია, ბევრისთვის მოულოდნელიც და წარმოუდგენელიც.

დღესდღეობით, გადავწყვიტე ცოტა შევისვენო აქტიური და 24×7 საათიანი სამუშაო რეჟიმისგან და დაუთმო მეტი დრო შვილს და საკუთარ თავს. ძალიან დიდი ხანია, მინდა მასპინძლობის ინდუსტრიის პროფ.კადრების მომზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარება. და აი, ეს დროც დადგა. (ტრენინგ კურსი MICE ტურიზმი) ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მეც ძალიან ბევრ ახალ გამოცდილებას და ემოციას ვიძენ თითოეული ჩემი მსმენელისგან. ძალიან მომწონს მათი შემართება, ენთუზიაზმი და სურვილი, აიმაღლონ მუშაობის სტანდარტები და ამით გააუმჯობესონ ჩვენი ქვეყანაც. მე კი დიდი სიამოვნებით გავუზიარებ მათ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას.

როგორია ტურისტების თვალით დანახული საქართველო?

ძალიან თბილი, ჭრელი, კომფორტული და გემრიელი, ლაღი და არაჩვეულებრივად ლამაზი. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სინამდვილეშიც იყოს ისეთი, როგორსაც მას ტურისტები ხედავენ. ამისათვის სულ ცოტა რამ გვინდა, ერთმანეთის გატანა, სიბეჯითე და ბევრი შრომა. ფიქრი არა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობასა და კარიერაზე, არამედ ქვეყანაზეც. საქართველო ძალიან პატარაა, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს მის კეთილდღეობაში. ჟღერს პათეტიკურად, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ასეა.

ტურიზმის პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში

ძალიან რთულია, იპოვო ბალანსი, შეინარჩუნო ავთენტურობა და ამავე დროს გაზარდო ქვეყნის ეკონომიკა და ცნობადობა ისე, რომ არ იქცე მასობრივი მიმართულების ქვეყანად. ამ ეტაპზე მოთხოვნა შესაძლებლობაზე უფრო მაღალია. ქვეყანაში არ არსებობს ხარისხის კონტროლის მექანიზმები და რეგულაციები. დღეს საქართველოში ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია იმუშაოს გიდად, ასევე არავინ არ ითხოვს სერტიფიცირებულ კადრებს, არ უმოწმებს ჩამოსულ სტუმრებთან მომუშავე ადამიანებს მათ კვალიფიკაციას, გაყიდული მომსახურების ხარისხს (მარტივი მაგალითი, სატრანსპორტო საშუალებები) და ა. შ. ამაზე ძალიან ბევრი საუბარია, თუმცა არაფერი არ კეთდება. ვისურვებდი, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ის უნიკალური რაც მას გააჩნია და აუცილებლად იპოვის საკუთარი ადგილი (ნიშა) მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. ეს ნიშა უნდა იყოს ძალიან ექსკლუზიური, განსხვავებული და დაუვიწყარი.

გახდე პროფესიონალი ნიშნავს…

იცოდე რა გსურს, გქონდეს მოქმედების გეგმა და არასდროს შეწყვიტო განათლება და განვითარება. მხოლოდ დაუზოგავ შრომას და პრაქტიკულ გამოცდილებას მოაქვს მაღალი პროფესიონალიზმი. თუმცა, აუცილებლად დგება დრო, როდესაც სწორი ბალანსი საქმესა და პირად ცხოვრებას შორის ხდება ყველაზე მეტად პრიორიტეტული. ეს არ ეხება ახალგაზრდებს, მომავალ თაობას. ახალგაზრდებმა  თავი არ უნდა დაზოგონ, ბევრი ისწავლონ და იშრომონ. ეს არის პრო-დასავლური, ევროპული ცხოვრების სტილი, რომელიც აუცილებლად უნდა დაინერგოს ჩვენთანაც.

მოტივაციის წყარო

ჩემი შვილი და ყოველი კონკრეტულად დასახული მიზანი. აუცილებლად უნდა გჯეროდეს, რომ ის რაც ძალიან გინდა, გამოვა. ამაში მე პირადად ბევრჯერ დავრწმუნდი.

და ბოლოს, მიმართეთ ჩვენს მკითხველს

ყველას, ვინც ჯერ ვერ იპოვა საყვარელი საქმე, ვუსურვებდი რომ მალე გეპოვოთ! ნუ შეგეშინდებათ სირთულეების და არ დანებდეთ! გიყვარდეთ ცხოვრება და ისიც აუცილებლად დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს.

2019-02-11T07:47:07+00:00