ნიკა კვერნაძე: “გადავწყვიტეთ CRDC-ის გეოგრაფია გავაფართოვოთ და მოვიცვათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი”

კომერსანტის ეთერში გადაცემა “მთავარი ფაქტორი”-ს მეორე სეზონი დაიწყო. გადაცემის თემა იყო მეცნიერების ინოვაციების, ტექნოლოგიების მთავარი ფაქტორები. გთავაზობთ CRDC-ის აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუს გადაცემიდან.

 

ბატონო ნიკა რომ გვესაუბროთ არაფორმალური განათლების როლისა და მნიშვნელობის შესახებ?

ფორმალური განათლება როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით სტრუქტურირებულია. არაფორმალური განათლება კი მთლიანად ინდივიდის სურვილებსა და მოთხოვნილებებზეა მორგებული. თითოეული ადამიანი უფრო მეტ ცოდნას იძენს უშუალოდ სამუშაო გამოცდილების, კოლეგებსა და მეგობრებთან ურთიერთობის, ინტერნეტ და ბეჭვდითი რესურსების საშუალებით. თითოეული ტრენინგი, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი კურსები ზრდის კონკრეტულ სფეროში მის კვალიფიკაციას. ეხმარება ინდივიდს საკუთარი ფარული potenciali იპოვოს და ამით მოიპოვოს უპირატესობები საკმაოდ კონკურენტულ გარემოში. დღევანდელი კონკურენტული გარემო თითოეულ ჩვენგანს „აიძულებს“ საკუთარი ცოდნა და კვალიფიკაცია უწყვეტად განავითაროს, რაც არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. აქედან გამომდინარე თანამედროვე სამყაროში არაფორმალური განათლება სამართლიანად ითვლება ადამიანური რესურსების განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს  საფუძვლად.

 

რა სიახლეებს უნდა ველოდეთ ახალი სეზონიდან CRDC-ში

ახალი სეზონის დასაგეგმად ჩვენი გუნდი მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა. ამ შრომის და ერთობლივი, გუნდური ძალისხმევის შედეგად დაიგეგმა ახალი კურსები და პროექტები, შეგვიძლია მათ ვუწოდოთ ექსკლუზიური ტრენინგ კურსები, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ტრენინგ ცენტრ CRDC-შია ხელმისაწვდომი.

შემოდგომის სეზონზე CRDC-ში უკვე დავიწყეთ რამდენიმე ასეთი კურსი. მთავარი ფაქტორი რაც ამ კურსებს აერთიანებს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, რაც არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია. ჩვენს პრაქტიკოს ტრენერებთან ერთად მონაწილეებს საშუალება აქვთ საუკეთესო პრაქტიკა საკუთარ საქმიანობაში დანერგონ.

მოგეხსენებათ, ჩვენი ტრენინგ ცენტრის ერთ-ერთი სტრატეგიული და შემიძლია თამამად ვთქვა ძლიერ  ი მიმართულებაა ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია. შესაბამისად ჩვენს ტრენერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ჩავატარებთ ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარების კვლევას. მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, გამოვაქვეყნებთ შედეგებს. ასევე, კვლევის საფუძველზე დამატებით დავგეგმავთ ახალ ტრენინგ კურსებს.

 

როგორ უნდა მოხდეს განათლების ხარისხის ამაღლება?

თანამედროვე ეპოქაში საზოგადოების განვითარების მოდელი ეფუძნება მართვის ახალ მიდგომებს, სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებს, ინფორმატიზაციას, ინოვაციებს, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ განათლების სისტემის მოდერნიზაციის აუცილებლობას და მიმართულებებს. მისი სრულყოფის პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ სწავლების ორგანიზების ტრადიციული მიდგომები და ფორმები – ნაკლებად ეფექტურია.

თანამედროვე სამყაროში სწავლების მხოლოდ ტრადიციული ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით  არ  მიიღწევა სასურველი შედეგი. ამიტომ აუცილებელია განათლების სისტემა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს, იყოს შესაბამისობაში შრომის ბაზრის კონკურენტულ მოთხოვნილებებთან.

აუცილებელია სტუდენტებისთვის მოქნილი სწავლების ფორმატის შეთავაზება, მათ შორის მეტი აქცენტი უნდა  იქნას გადატანილი დისტანციურ სწავლებაზე, ორიენტირება პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლაზე. ეს სწორედ ის ელემენტებია, რომლებიც არაფორმალურ განათლებას ახასიათებს და დღეს უკვე ფართოდ გვხვდება თანამედროვე ფორმალურ განათლებაშიც.

 

ბატონო ნიკა გვესაუბრეთ ტრენინგ ცენრტის სამომავლო გეგმების შესახებ

გადავწყვიტეთ CRDC-ის გეოგრაფია გავაფართოვოთ და თბილისის გარდა მოვიცვათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი. როგორც მოგეხსენებათ უკვე ვიმყოფებოდით ქუთაისში, სადაც ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მიწვევით ჩავატარეთ საქმიანი MICE ტურიზმის ტრენინგები. ქუთაისის შემდეგ გადავწყვიტეთ ვეწვიოთ კახეთის რეგიონს, კერძოდ თელავში გვექნება გასვლითი ტრენინგები სასტუმროს გაყიდვების და შემოსავლების მენეჯმენტში. საკმაოდ საინტერესო, ინტენსიური 2 დღიანი პროგრამით მივდივართ. მონაწილეებს რეალური ცოდნის და საუკეთესო პრაქტიკის გადაცემას ვპირდებით, რაც მათ ნამდვილად დაეხმარებათ საკუთარი ბიზნესის უფრო ეფექტიანად მართვასა და განვითარებაში.

ასევე ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის ზამთრის ბანაკის ორგანიზება. აქ მონაწილეობა შეეძლებათ სტუდენტებს. გამჭვირვალე შერჩევის პროცესის შედეგად დაახლოებით 100-მდე სტუდენტი, უფასოდ გაივლის კვალიფიკაციის ამაღლების ძალიან საინტერესო და ინტენსიურ პროგრამას.

 

შეგახსენებთ, რომ გადაცემა “მთავარი ფაქტორი” ყოველ მეორე ოთხშაბათს 16:10-ზე გავა რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერში. ასევე FB მაყურებლებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში თვალი ადევნონ გადაცემას.

2019-09-18T15:05:27+00:00